03/08/2026
#შოვი #გამოძიება
შოვის ტრაგედიიდან სამი წელის შემდეგ გამოძიება კვლავ გრძელდება.
🔴 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის გამოძიება იმავე დღესვე დაიწყო.
🚩 მიუხედავად ამისა, სამი წლის გასვლის შემდეგ არცერთი პირი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.
🟡 ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმოადგენს გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედის, ია მერებაშვილის ინტერესებს. PHR-ის შეფასებით, გამოძიების მიმდინარეობა აჩენს სერიოზულ კითხვებს მისი ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და დაზარალებულთა უფლებების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
🔴 სამი წლის განმავლობაში დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, კვლავ არ აქვს სრული წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე. რის გამოც, მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ეფექტიანი კონტროლი გამოძიებაზე, შეაფასოს მისი მიმდინარეობა და სრულყოფილად დაიცვას საკუთარი ინტერესები. აღნიშნული პრაქტიკა არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციის მიღების უფლებას, ისე ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტებს.
🚩 განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დღემდე არ არის შეფასებული, შეასრულა თუ არა სახელმწიფომ მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები.
🔴 სწორედ ამ ვალდებულებების შეფასება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს არა მხოლოდ თავი შეიკავოს სიცოცხლის ხელყოფისგან, არამედ მიიღოს ყველა გონივრული პრევენციული და რეაგირების ღონისძიება ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, რაც, მათ შორის, გულისხმობს სტიქიური რისკების პრევენციას, ადეკვატურ რეაგირებასა და სამაშველო ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას.
⚖️🇬🇪 სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარმოადგენს შესაბამის ეროვნულ ინსტრუმენტს აღნიშნული ვალდებულებების შეფასებისთვის. სახალხო დამცველის რეკომენდაციების უგულებელყოფა ამ კონტექსტში აძლიერებს ეჭვს გამოძიების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
🟡 საქართველოს სახალხო დამცველმა 2025 წლის ყოველწლიურ ანგარიშში პირდაპირ მიუთითა, რომ გამოძიებამ უნდა შეაფასოს, შეასრულეს თუ არა სახელმწიფო უწყებებმა მათზე დაკისრებული ვალდებულებები სტიქიის პრევენციის, რეაგირებისა და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების პროცესში, მათ შორის, არსებობდა თუ არა სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის რეკომენდაციები ამ დრომდე არ არის გაზიარებული.
🚩 განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული კითხვები. საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, მაშინ როდესაც შეფასებას ექვემდებარება იმავე სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქმედებები.
⚖️🇪🇺 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით (მათ შორის, გირგვლიანის საქმეში დადგენილი სტანდარტებით), ეფექტიანი გამოძიება მოითხოვს არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ რეალურ ინსტიტუციურ და პრაქტიკულ დამოუკიდებლობას იმ უწყებისგან, რომლის ქმედებებიც გამოძიების საგანს წარმოადგენს. ინტერესთა კონფლიქტის არსებობა თავისთავად ქმნის ეჭვს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით და შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის საფუძველი.
⚖️❓ სამი წლის შემდეგაც გამოძიების გაჭიანურება, დაზარალებულთა პროცესიდან ფაქტობრივი გამორიცხვა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შესახებ არსებული კითხვები და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების შეფასების არარსებობა მიუთითებს არა მხოლოდ ცალკეულ პროცედურულ ხარვეზებზე, არამედ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის სამართლის უზენაესობის პრინციპს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებასა და საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.
#შოვისტრაგედია #შოვისსაქმე #პარტნიორობაადამიანისუფლებებისთვის