LMG

LMG LMG is a wide profile law firm operating in Georgia.

Our working languages are Georgian, English, German and Russian
phone number: +995 599184301; +995 577451504; email: [email protected] A full-service Law Company provides legal advice and counseling in broad aspects of Corporate, Contract, Tax and finance, Electronic Communications, Health Care, Civil, Administrative and Criminal Law.

13/08/2026

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“

2026 წლის 26 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არსებითად განსახილველად არ მიიღო №1901 კონსტიტუციური სარჩელი და განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით, 2026 წლის პირველი ივლისიდან, ძალადაკარგულად ცნო „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება.

სადავო ნორმის შესაბამისად, მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენდა ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი მოწესრიგება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებით შეფასებული რეგულირების მსგავსად, არ შეიცავდა მოთხოვნას ქონების საბაზრო ღირებულების დადგენისას ამ ქონებაზე არსებული გარდამავალი უფლებების გათვალისწინებასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, სათანადო გარანტიის არარსებობა, რომელიც უზრუნველყოფდა ქონების შეფასებისას გარდამავალი უფლებების მხედველობაში მიღებას, წარმოშობდა ქონების სარეალიზაციო ფასის მის რეალურ ღირებულებასთან მნიშვნელოვნად აცდენილი ოდენობით განსაზღვრის შესაძლებლობას, რის გამოც, საწყისი ფასის არაადეკვატურობის გამო, მაღალი იყო ალბათობა, ვერ მომხდარიყო ქონების რეალიზაცია პირველ და პირველ განმეორებით აუქციონზე. ამ პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო არც განსახილველ შემთხვევაში იღებდა ქონების აუქციონზე ადეკვატურ ფასად რეალიზაციისთვის საჭირო გონივრულ ზომებს, რამდენადაც არ ქმნიდა პირველ და პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ღირებულების განსაზღვრის სათანადო, ქონების რეალურ ფასთან მიახლოებული ოდენობის დადგენის პოტენციალის მქონე ნორმატიულ მექანიზმს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო აქტი შეიცავდა იმავე შინაარსის ნორმას, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებით.

13/08/2026

2026 წლის 30 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1609 კონსტიტუციური სარჩელი („ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის − 65 წლის მიღწევა, ხოლო პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

მოსარჩელის პოზიციით, პენსიაზე უფლების წარმოშობის კონტექსტში ქალები და კაცები არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის მეშვეობითაც ფორმირდება საპენსიო ფონდი, როგორც დასაქმებული ქალი, ისე კაცი, თანაბარი მოცულობით მონაწილეობს. ამასთანავე, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალთა რაოდენობა აღემატება მამაკაცთა რაოდენობას როგორც დაბადების მაჩვენებლით, ისე სიცოცხლის ხანგრძლივობით. შესაბამისად, მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკის 5 წლით უფრო გვიან განსაზღვრა წარმოადგენს სქესის ნიშნით დიფერენცირებას, რომელსაც არ გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება, რაც ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას.

მოპასუხე მხარის განმარტებით, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას სახელმწიფოს ფართო დისკრეცია გააჩნია. მოპასუხის მითითებით, ქალებს ხშირად უწევთ არაანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება შინამეურნეობაში, ხოლო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო მათ კარიერაში ჩნდება წყვეტები, რაც ამცირებს საპენსიო დანაზოგს. ამასთანავე, ადრეული საპენსიო ასაკი განპირობებულია ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სახელფასო სხვაობით და იმ სტერეოტიპებით, რომლებიც ქალების მენეჯერულ პოზიციებზე დაწინაურებას აფერხებს. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, სადავო რეგულირება ქალებსა და კაცებს შორის სოციალურ რეალობაში არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის დაბალანსებას ემსახურება.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას შესადარებელ სუბიექტებს, ქალებსა და მამაკაცებს შორის, ხოლო დიფერენცირების ნიშანს სქესი წარმოადგენს. თავის მხრივ, რამდენადაც სქესი არის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით სახელდებით განსაზღვრული ნიშანი, საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის საკითხი მკაცრი ტესტის გამოყენებით შეაფასა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური როლების შესაბამისად, ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახში ასრულებს არაანაზღაურებად ზრუნვით და საოჯახო შრომას. ბავშვების აღზრდა, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოვლა, აგრეთვე საოჯახო საქმეების ორგანიზება და შესრულება, საზოგადოების სხვადასხვა ფენის მიერ, ტრადიციულად ქალის მოვალეობად აღიქმება. ამგვარი გენდერული განაწილება ქალთა შრომას საზოგადოებრივად აუცილებელ, თუმცა ეკონომიკურად უხილავ საქმიანობად აქცევს, რაც მათ შრომით ბაზარზე სრულფასოვან ინტეგრაციას ზღუდავს. შედეგად, ქალებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ სრულ განაკვეთზე, დაიკავონ სტაბილური და მაღალანაზღაურებადი პოზიციები ან ჰქონდეთ უწყვეტი პროფესიული კარიერა, რაც ხანდაზმულობისათვის რეგულარულ და საკმარის დანაზოგს უზრუნველყოფდა. ამასთანავე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, ისევე, როგორც ბავშვის მოვლა, ხშირად იწვევს კარიერულ წყვეტას, დასაქმების ფორმის ცვლილებას ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობას. აღნიშნული გარემოებები პირდაპირ აისახება ქალთა შემოსავლის მოცულობაზე, პროფესიულ წინსვლასა და შრომითი სტაჟის უწყვეტობაზე. შემცირებული და არასტაბილური შემოსავალი, აგრეთვე შრომითი აქტივობის პერიოდული შეწყვეტა, საბოლოოდ, განაპირობებს შედარებით მცირე დანაზოგს და ზრდის ხანდაზმულობისას ეკონომიკური დაუცველობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შეზღუდვის რისკს.

დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ უმრავლეს სფეროში ქალსა და მამაკაცს წარმატებული და შედეგიანი საქმიანობის ერთნაირი უნარები აქვთ. აღნიშნულის მიუხედავად, გლობალური მონაცემები ადასტურებს, რომ ქალთა საშუალო ანაზღაურება სისტემურად ჩამორჩება კაცთა საშუალო ანაზღაურებას. აღნიშნული სხვაობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შრომით გარემოში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც მამაკაცს ლიდერულ, გადაწყვეტილების მიმღებ და მაღალანაზღაურებად პოზიციებთან აკავშირებს. ამასთანავე, ქალთა დასაქმების მაღალი კონცენტრაცია შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებში, კიდევ უფრო აძლიერებს სახელფასო უთანასწორობას. შედეგად, ქალისა და მამაკაცის შემოსავალს შორის სხვაობა არა მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანის, არამედ სტრუქტურული და კულტურული ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგია.

შესაბამისად, ხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურებოდა, რის გამოც, №1609 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

დავის საგანი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

13/08/2026

2026 წლის 29 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1794 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმები განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და ადგენს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის ფარგლებში, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, პაციენტი ვერ სარგებლობს მისი უფლებების ინტენსიური შეზღუდვის დაბალანსების ადეკვატური საპროცესო გარანტიებით, რის გამოც, პირი დაწესებულებაში შესაძლებელია, დარჩეს მაშინაც, როდესაც იგი აღარ საჭიროებს მკურნალობას. აღნიშნული იწვევს ადამიანის ღირსების ხელყოფას და არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებულ პირებთან შედარებით ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.

მოპასუხე მხარის პოზიციით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცედურა იძლევა ინდივიდუალური შეფასების, მკურნალობის საჭიროების დროულად გადახედვისა და შეწყვეტის შესაძლებლობას, რის გამოც იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის ღირსების ხელმყოფ ინსტიტუტად. იმავდროულად, იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული პირები, მათგან მომდინარე მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ არანებაყოფლობით მკურნალობას დაქვემდებარებული პირების არსებითად თანასწორ პირებად.

საკონსტიტუციო სასამართლომ, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ბუნების, მისი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის ინტენსივობის და სახელმწიფოს ინსტიტუციური კონტროლის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ აღნიშნული მკურნალობის ხანგრძლივობამ, პაციენტის უფლებრივი მდგომარეობის დაცვისთვის აუცილებელი საპროცესო გარანტიების არარსებობის პირობებში, შეიძლება მიაღწიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არ ეფუძნება პირის ფსიქიკური მდგომარეობის რეალურ საჭიროებას და მიმდინარეობს მაშინ, როდესაც აღარ არსებობს მკურნალობის გაგრძელების ობიექტური აუცილებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ პროცედურული გარანტიების არსებობაზე, რომელთა ერთობლიობამაც, რეალურად, უნდა უზრუნველყოს იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების პრევენცია. სასამართლომ, ამგვარ აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებად მიიჩნია, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების რეგულარულად, გონივრული პერიოდულობით ობიექტური და მიუკერძოებელი შემოწმების პროცესის, პირისთვის მკურნალობის საჭიროების გადასინჯვის ინიცირებისა და სათანადო სასამართლო კონტროლის არსებობის ვალდებულება.

საკონსტიტუციო სასამართლომ, დაადგინა, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად რჩება მხოლოდ ერთი კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ფარგლებში, ეფექტიანი სასამართლო კონტროლისა და მოწვეული ექსპერტების ქმედითი ჩართულობის გარეშე, რაც ქმნის იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების საფრთხეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, სამართლებრივი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს, რომლებიც რეალურად და ქმედითად უზრუნველყოფს პირის დაცვას იძულებითი მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან. შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმები აღარ საჭიროებდა დამოუკიდებლად შეფასებას თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. იმავდროულად, სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2026 წლის პირველ ნოემბრამდე, რათა კანონმდებელს მიეცეს გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 2(1) ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებებისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22(1) მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

📣 საიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქ...
26/06/2026

📣 საიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო.

📌 ვრცლად იხილეთ ბმულზე:

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებისა და სხვა ქართ...

24/06/2026

The Strasbourg-based European Court of Human Rights (ECHR) made judgments in several cases on Georgia, including the case of “Malachini and others vs Russia,” concerning crimes committed by Russia during the 2008 Georgia-Russia armed conflict.

The Court held Russia responsible for the torture and murder of Giorgi Antsukhelidze and other Georgian soldiers.

The case concerned mainly the applicants’ complaints about the torture and murder of three Georgian prisoners of war between 9 and 11 August 2008. It also concerned the alleged torture of other surviving prisoners of war between 9 and 19 August 2008.

The Court decided that Russia violated Articles 2 (right to life) and 3 (prohibition of torture) of the European Convention on Human Rights.

ბიზნესი - ბავშვებისთვის
22/05/2026

ბიზნესი - ბავშვებისთვის

📢 შეგროვდა 750 000 ლარი!🎈🥳❤️

შეგახსენებთ, რომ “დაიცავი ილიაუნი” ლაივ სტრიმის მეშვეობით აგროვებს თანხას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის (სასუნთქი აპარატები და მათი მუდმივი მუშაობისთვს საჭირო გენერატორები, მედიკამენტები, ადაპტირებული საწოლები, ეტლები, სხვადასხვა ოპერაციები ხერხემალზე...). ხალხი ამ წუთებშიც აგრძელებს აქტიურობას და თუ თქვენც გინდათ ამ დიდი საქმის ნაწილი გახდეთ, შემოგვიერთდით. ჩვენი ლაივი არ შეწყდება, მანამ სანამ თქვენი დონაციები გაგრძელდება. ძალა ერთობაშია, ჩვენ არ გავჩერდებით!✊🏻

თბს:

საქართველო:

ქისა:

https://www.kisa.ge/donate/qxd713owjd?fbclid=IwdGRjcAR9BwpleHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZAo2NjI4NTY4Mzc5AAEezMvQzz-rJwD4wVHXxny67tE_cB0SgrFIIIicB1dVD2UbemLpFDQLArsOVlU_aem_xlAw5LTbi49rfAzA1Tt5Hw

02/04/2026

2026 წლის 2 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1354 კონსტიტუციური სარჩელი („ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმას, რომელიც აწესებს პასუხისმგებლობას პროსტიტუციის ჩადენისათვის.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა არათანაზომიერად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის დაცვა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, შეიძლება, წარმოადგენდეს პროსტიტუციის აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს, არსებული რეგულირება ამ მიზნის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს და პირიქით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებით, აფერხებს რისკ ჯგუფების ჩართულობას ჯანმრთელობის პროგრამებში. ამასთან, სანქციის შიშის გამო, სექსმუშაკები თავს იკავებენ ძალადობის ფაქტის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებისგან. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, აგრეთვე, განუჭვრეტელია სადავო ნორმის შინაარსი, რადგან არც სადავო რეგულირება და არც სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი არ განმარტავს პროსტიტუციის ცნებას.

მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო რეგულირება ემსახურება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ზნეობისა და ჯანმრთელობის დაცვას. მისი პოზიციით, აღნიშნული სამართალდარღვევის არსებობა ხელს უშლის სხეულით მომსახურების, როგორც სოციალურად მისაღები ქცევის დამკვიდრებას და სექსუალური ინდუსტრიის გაფართოებას, შედეგად, ამცირებს ტრეფიკინგის, ძალადობისა და პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის რისკებს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ტერმინის საკანონმდებლო განმარტების არარსებობისა, პროსტიტუცია, ისტორიული გამოცდილებისა და საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აღქმის საფუძველზე, გულისხმობს ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურების გაწევას. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აკმაყოფილებს განჭვრეტადობის სტანდარტს და ემსახურება ღირებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, რის გამოც №1354 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვა. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, პროსტიტუციაში ჩართული პირის საქმიანობა, როგორც წესი, დაკავშირებულია სხვადასხვა პარტნიორთან სქესობრივი კონტაქტის დამყარებასთან, რაც ზრდის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების რისკს. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, მათი დიაგნოსტირება, მკურნალობა და მონიტორინგი კი, სახელმწიფოს ჯანდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ყოვლისმომცველი სტრატეგიების შემუშავებასა და იმპლემენტაციასთან, მათ შორის, სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შექმნასთან არის დაკავშირებული, რაც სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან მნიშვნელოვანი ფინანსური, ორგანიზაციული და ადამიანური ძალისხმევის გაწევას გულისხმობს. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ, ამგვარ პირობებში, კანონმდებელი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს სუბიექტს, რომელიც მისი სარისკო სექსუალური ქცევის მეშვეობით, უშუალოდ წარმოადგენს ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საფრთხის წარმოქმნის რეალურ წყაროს.

საკონსტიტუციო სასამართლომ, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებად, აგრეთვე, მიიჩნია არასრულწლოვანთა პროსტიტუციისგან დაცვა, სექსუალური ექსპლუატაციის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობრივი დანაშაულის პრევენცია. საკონსტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანთა ინტერესებზე, კერძოდ, სასამართლოს აღნიშვნით, არასრულწლოვანთა მოწყვლადი ასაკიდან გამომდინარე, პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების ხელმისაწვდომობა საფრთხეს უქმნის მათ ჯანსაღ სექსუალურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ განვითარებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანთა დაცვა იმ უარყოფითი ეფექტებისგან, რომლებიც თან ახლავს სექსუალური ქცევის კომერციალიზაციის ნორმალიზებას საზოგადოებრივ სივრცეში. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.

განჭვრეტადობის კონსტიტუციურ მოთხოვნასთან სადავო ნორმის შესაბამისობაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავოდ გამხდარი ცნება - „პროსტიტუცია“ - აღწერს ადამიანთა ერთ-ერთ უძველეს აქტივობად მიჩნეულ, საყოველთაოდ ცნობილ სოციალურ ფენომენს. ამ კონტექსტში, არსებობს კონსენსუსი და საზოგადოებაში დამკვიდრებული აღქმა იმის თაობაზე, რომ, ზოგადად, პროსტიტუციით დაკავება დაკავშირებულია მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ სექსუალური მომსახურების გაწევასთან. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია საერთო სასამართლოების ან სხვა ავტორიტეტული ორგანოს პრაქტიკა, რომელიც სადავო ნორმის განუჭვრეტელ შინაარსს დაასაბუთებდა.

ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, №1354 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვების „პროსტიტუცია“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

31/03/2026

2025 წლის 7 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1735 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

კონსტიტუციური სარჩელით დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით, კრიმინალიზებულია სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, რომელიც არ განხორციელებულა სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, ხელს არ უშლის/საფრთხეს არ უქმნის მართლმსაჯულების სრულყოფილ და ეფექტიან განხორციელებასა და პროცესის მიმდინარეობას, ამასთანავე, განსაზღვრავს პროკურორის ფართო დისკრეციას და შესაძლოა გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გინების მიღმა ისეთი ტერმინების გავრცელებისთვის, როგორებიცაა „არაკომპეტენტური“, „არაკვალიფიციური“, „უცოდინარი“, „მონა“ და ა.შ.. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, პროცესის მონაწილის გინებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციურია, თუმცა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი ისეთი შემთხვევები, როდესაც ნაკლებად აგრესიული გამონათქვამებისთვის შესაძლოა პირი გახდეს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული/მსჯავრდებული. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ სფეროში ინტენსიური ჩარევა, რაც არაგონივრული და გაუმართლებელია.

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელის ავტორს ბრალი/მსჯავრი დაედო პროცესის მონაწილის მიმართ არა ისეთი ტერმინების გამოთქმისთვის, როგორებიცაა „არაკომპეტენტური“, „არაკვალიფიციური“, „უცოდინარი“, „მონა“ და ა.შ., არამედ მისი (პროკურორის) გინებისთვის (დედის მისამართით). შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას კავშირი არ აქვს მის მიმართ წარდგენილ ბრალთან. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა პოზიციით, სადავო ნორმას არ გააჩნია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსარჩელე მხარემ დაასახელა. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმის გამოყენებისა და სამართალშეფარდების პროცესში არ ყოფილა ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც პირს ბრალი/მსჯავრი დაედებოდა გასაჩივრებული რეგულაციის იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას პროცესის მონაწილის შეურაცხყოფისთვის, რაც გამოიხატა მის მიმართ ისეთი ტერმინების გამოთქმისთვის, როგორებიცაა „არაკომპეტენტური“, „არაკვალიფიციური“, „უცოდინარი“, „მონა“ და ა.შ.. ამდენად, საჯარო უწყების წარმომადგენლის მითითებით, მოსარჩელის მიერ დასახელებული ნორმატიული შინაარსი სადავო ნორმას არ გააჩნია და, შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, არაეთიკური, უხამსი, უცენზურო და შეურაცხმყოფელი გამოთქმები ფორმალურად გამორიცხული არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროდან. მათი პრაქტიკული დაცულობის ხარისხი დამოკიდებულია ღირებულებათა კონკრეტულ კონფლიქტზე და მასში ჩართულ ლეგიტიმურ ინტერესთა შეპირისპირებაზე... სასამართლოს მითითებით, ზოგჯერ, რადიკალურად მწვავე, აგრესიული ლექსიკის მეშვეობით აზრის გამოხატვას, მათ შორის, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს შესაძლოა განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდეს ინდივიდისთვის საკუთარი აზრისა და შეხედულებების გადმოსაცემად ხელისუფლების კრიტიკის დროს. თუმცა ეს არ უნდა უგულებელყოფდეს იმ ფაქტს, რომ უხამსი გამოთქმები ნაკლები ღირებულების მატარებელია, რის გამოც, მათი დაცულობის ხარისხი ვერ გაუთანაბრდება არგუმენტირებულ, თუნდაც ძალიან მწვავე კრიტიკას, რადგან ისინი არ ემსახურება ამა თუ იმ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხზე საჯარო დისკუსიის წახალისებას. კიდევ უფრო მცირდება ამგვარი გამონათქვამების დაცულობის პოტენციალი, როდესაც ისინი გამოყენებულია არა ხელისუფლების პოლიტიკური განშტოებების - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკისათვის, რომლებსაც საჯარო ტრიბუნა უპყრიათ ხელთ და მათ წინააღმდეგ კრიტიკაზე პასუხის გაცემის უამრავი საშუალება აქვთ, არამედ სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების მიმართ, ვისაც პასუხის გაცემის საშუალებები მკვეთრად შეზღუდული აქვთ. სწორედ ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც წინამდებარე ღირებულებათა კონფლიქტში სასწორს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის დაცვისკენ შეიძლება ხრიდეს, რომ პოლიტიკოსებისა და სხვა საჯარო პირებისაგან განსხვავებით, მოსამართლეებს, მათი სტატუსიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ, იმავე ინტენსივობით ჩაერთონ საჯარო დებატებში და ადეკვატური პასუხი გასცენ მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, როდესაც უხამსი და უცენზურო გამონათქვამები მიზნად ისახავს მოსამართლისა თუ სამართალწარმოების მონაწილის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას და, ამ გზით, ლახავს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს და ამცირებს მისდამი ხალხის ნდობის ხარისხს, რომლის არსებობაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ წინდაწინვე ნაკლები შანსი აქვთ, ღირებულებათა კონფლიქტში პრიორიტეტი მოიპოვონ.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საერთო სასამართლოების პრაქტიკა, რომელიც დაამოწმებდა, რომ გინების გარდა სხვა სახის ნაკლებად მწვავე შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. თავად ნორმის ტექსტობრივი ანალიზი და საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი საერთო სასამართლოების პრაქტიკა აშკარად და ცალსახად არ იძლევა მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გასაჩივრებულ რეგულაციაში ამოკითხვის შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ იგი ვერ იწინასწარმეტყველებს იმას, თუ სამომავლოდ რა ნორმატიული შინაარსით შეიძლება იქნეს სადავო ნორმა საერთო სასამართლოების მხრიდან გამოყენებული და ჰიპოთეტურად ვერ იმსჯელებს იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც ნორმამ მომავალში შეიძლება შეიძინოს ან არ შეიძინოს. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას პროკურორის შეუზღუდავ დისკრეციაზე, ფართოდ და თვითნებურად განმარტოს ტერმინი „შეურაცხყოფა“, რაც, მისი თქმით, გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, სასამართლომ აღნიშნა, რომ განაჩენი გამოაქვს არა პროკურორს, არამედ სასამართლოს, ხოლო პროკურორი, როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანო, ასევე ხელმძღვანელობს სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მიდგომებით. მეტიც, მოსარჩელეს არც იმის მტკიცებულებები წარმოუდგენია, რომ პროკურატურას ოდესმე დევნა ჰქონდა დაწყებული ნაკლებად მწვავე გამონათქვამებისთვის. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ №1735 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

31/03/2026

2025 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1689 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევდა პირის მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ დაწესებული 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არ აკმაყოფილებს გონივრულობის კრიტერიუმს, ვინაიდან საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების დადგენა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან არის დაკავშირებული, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს და შეუძლებელი ხდება გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი 5-წლიანი ვადის დაცვა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო რეგულირებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი მოკლებულია შესაძლებლობას, საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს უკანონო გადაწყვეტილების გადასინჯვა, რაც არ არის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების მოთხოვნებთან შეთავსებადი.

მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო მოწესრიგება იცავს სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საბოლოობას, რაც სამართლებრივი უსაფრთხოების, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფის აუცილებელი პირობაა. დამატებით, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო საფუძვლით, დასრულებული საქმის წარმოების განახლებისთვის დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არის გონივრული და სამართლიანად აბალანსებს კერძო და საჯარო ინტერესებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროსა და საქმეზე შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირების შემდეგ, იმსჯელა სადავო მოწესრიგების საფუძველზე სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის პროპორციულობაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო საფუძვლით დასრულებული საქმის წარმოების განახლებისთვის აუცილებელი იყო სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და ამ კონტექსტში ერთმანეთისგან გამიჯნა შემთხვევათა ორი წყება: როდესაც მხარის, მისი წარმომადგენლის ან მოსამართლის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება იწყება შესაბამის

სამოქალაქო საქმეზე 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში, მაგრამ განაჩენი კანონიერ ძალაში შედის ამ ვადის ამოწურვის შემდეგ და როდესაც გამოძიების დაწყებაც და გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლაც დაკავშირებულია 5-წლიანი ვადის შემდგომ პერიოდთან.
სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მოწესრიგება მიემართებოდა ისეთ შემთხვევასაც, როდესაც საქმის წარმოების განახლების სადავო საფუძველი გამოვლინდა 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში, დაიწყო გამოძიება, მაგრამ განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა ამ ვადის ამოწურვის შემდეგ. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, პირის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, რაც სადავო დანაწესის ბლანკეტურად მოქმედების პირობებში იზღუდებოდა, გადაწონიდა გასაჩივრებული რეგულაციით მისაღწევ ლეგიტიმურ მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიება დაიწყო დასრულებული საქმის წარმოების განახლებისათვის დადგენილი 5-წლიანი ხანდამულობის ვადის პერიოდში, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 5-წლიანი აღმკვეთი ვადის ამოწურვის შემდეგ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

დავის საგანი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

Address

27 Petriashvili Street
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995577451504

Alerts

Be the first to know and let us send you an email when LMG posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share