01/10/2026
30 სექტემბერს, აშშ-ის ტენესის შტატში, კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ვერ აღასრულეს.
მას სასიკვდილო პრეპარატის ორი დოზა შეუყვანეს, თუმცა მიუხედავად ამისა, ის მაინც ცოცხალი გადარჩა. თვითმხილველების ინფორმაციით, პროცედურის დროს პაიკი ხელის ძლიერ ტკივილსა და წვას უჩიოდა. მოგვიანებით ისევ ისმოდა მისი მძიმე სუნთქვა. საბოლოოდ პროცედურა შეწყვიტეს და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პაიკმა 18 წლის ასაკში, სხვა პირებთან ერთად, 19 წლის კოლინ სლემერი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა, სატანისტური სიმბოლიკებით და ა.შ.
და ეს არ ყოფილა მის მიერ ჩადენილი ძალადობის ერთადერთი შემთხვევა. 2001 წელს, უკვე პატიმრობისას, მან სხვა პატიმარს ფეხსაცმლის თასმა ყელზე შემოახვია და გუდავდა. არც მაშინ შეჩერებულა, როდესაც ქალმა გონება დაკარგა. მოგვიანებით სატელეფონო საუბარში ამბობდა, რომ კიდევ დაახლოებით 30 წამი რომ ჰქონოდა, მოკლავდა და შემდეგ ჯერზე დაწყებულს დაასრულებდა. ამ ფაქტისთვის იგი განზრახ მკვლელობის მცდელობაშიც ცნეს დამნაშავედ.
ამ ყველაფრის ცოდნის შემდეგ ვერ ვიტყვი, რომ პიროვნულად ამ ქალის მიმართ რაიმე ემპათიას ვგრძნობ.
მიუხედავად ამისა, ვიყავი და ვარ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი .
როდესაც სახელმწიფო ადამიანის მიერ ჩადენილ წამებასა და მკვლელობას მისივე წამებითა და მკვლელობით პასუხობს, ძნელია არ დასვა კითხვა: რით განსხვავდება თავად მისგან?
სამართლებრივად პასუხი მარტივია: ერთი დანაშაულია, მეორე კი კანონით გათვალისწინებული სასჯელი.
თუმცა ამ შემთხვევაში მართლმსაჯულება „კბილი კბილის წილ“ პრინციპამდე დადის.
პაიკის შემთხვევაში სახელმწიფომ მისი სიკვდილით დასჯა ერთხელ უკვე სცადა. მან გადაიტანა ტკივილიც და საკუთარი სიკვდილის მოლოდინიც, თუმცა ცოცხალი დარჩა.
თუ სახელმწიფო იმავე პროცესს მეორედ გაიმეორებს, ეს კვლავ სასჯელის აღსრულება იქნება თუ უკვე წამება?
ჩემთვის სასჯელი, რომელიც ადამიანს სიკვდილის მოლოდინს ორჯერ ატარებს, სამართლიანობას აღარ ემსახურება.
უმძიმესი დანაშაულისთვის უმკაცრესი სასჯელი შესაძლებელია ადამიანის მოკვლის გარეშეც. სახელმწიფოს ძალაუფლება სისასტიკეში კი არა, საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვაში უნდა ვლინდებოდეს ვფიქრობ.
თუ სახელმწიფო ამას დაივიწყებს, მაშინ მთავარ კითხვას თავადვე გასცემს პასუხს: რით განსხვავდება ის მისგან, ვისაც სჯის? სჯის?