DLB Georgia • დიელბი საქართველო

DLB Georgia • დიელბი საქართველო law services, იურიდიული მომსახურება

იურიდიული მომსახურება ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საერთო სპეციალიზაციით (სისხლი, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართალი)

❤️🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺
27/06/2024

❤️🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺

📣  #იპოთეკა  #მემკვიდრე  #სამკვიდრო🔖 მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებ...
24/10/2023

📣 #იპოთეკა #მემკვიდრე #სამკვიდრო
🔖 მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის მშობლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მსესხებელი გარდაიცვალა ისე, რომ ხელშეკრულებით გადაცემული თანხა და სარგებელი მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია.

გარდაცვლილს გარდაცვალების მომენტისთვის რაიმე ქონება არ გააჩნდა. შესაბამისად, მოპასუხეებს ფაქტობრივი ფლობით, სამკვიდრო ქონება არ მიუღიათ. მათ არც სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით მიუმართავთ სანოტარო ბიუროსთვის.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი მოვალის მიმართ.

მოპასუხეები თავს იცავდნენ იმ არგუმენტით, რომ მათ სამკვიდრო ქონება არ მიუღიათ, რადგანაც მამკვიდრებელს ქონება არ დარჩენია, რაც გამორიცხავს მათ პასუხისმგებლობას მამკვიდრებლის ვალებისათვის.

მოცემულ საქმეში სასამართლომ განმარტა ის საკითხი, უნდა დაეკისროთ თუ არა მამკვიდრებლის მემკვიდრეებს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა.

🔎 "მემკვიდრეებს გადასდახდელად არ უნდა დაეკისროთ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მამკვიდრებლის ვალი. მათი უფლებამონაცვლეობა კი განპირობებულია მხოლოდ იმ გარემოებით, რომ ისინი წარმოადგენენ ერთგვარ სამართლებრივ ხიდს, ტრანზიტს კრედიტორის მოთხოვნიდან იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრემდე, რათა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაცია ვალდებულების შესრულების მიზნით. საკითხის სხვაგვარი განმარტების შემთხვევაში, არალიკვიდური მოვალის გარდაცვალება (რის გამოც მემკვიდრეები ვერ იღებენ ქონებას) ყოველთვის გამოიწვევდა კრედიტორის სანივთო ფორმით უზრუნველყოფილი უფლების არამართლზომიერ შეზღუდვას, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება იპოთეკის, როგორც კრედიტის (სესხის) უზრუნველყოფის ლეგიტიმურ დანიშნულებას, დაკმაყოფილდეს მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით".
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №2ბ/2661-17 (2018-01-12)

24/10/2023

#რეზიუმე: მოსარჩელემ მოპასუხეს 10 წლის ვადით სარგებლობაში გადასცა არასაცხოვრებელი ფართი, სადაც მოპასუხეს განთავსებული ჰქონდა ბანკის ფილიალი. მოპასუხემ ხელშეკრულება შეწყვიტა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, 2 თვიანი ვადის დაცვით. მოსარჩელემ მოითხოვა (1) იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი ქირის დაკისრება, (2) საბანკო კრედიტიდან გამომდინარე ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა და (3) უძრავ ნივთზე იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება. სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად სახელწოდებისა ("იჯარის ხელშეკრულება"), მხარეთა შორის დადებული იყო ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც მოიშალა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობის შესაბამისად. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც კასაციაში დარჩა უცვლელი.
[17.1-17.2.1] მხარეთა შორის დადებული იქნება არა ქირავნობის, არამედ იჯარის ხელშეკრულება, თუ მხარე მეორე მხარეს სარგებლობაში გადასცემს უძრავ ნივთს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც არ იძლევა ნაყოფის მიღების შესაძლებლობას; კერძოდ, თუ კონკერტული საქმიანობის მიზნით, ნივთის გამოყენება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც მეორე მხარე საკუთარი სახსრებით გადააკეთებს, გაარემონტებს და შესაბამისი ინვენტარით აღჭურავს ნაქირავებ საგანს. კომერციულ საქმიანობის მიზანი არ არის საკმარისი ხელშეკრულების იჯარად კვალიფიკაციისთვის.
[17.4-17.5] საიჯარო ქირის გადახდა საიჯარო ურთიერთობის დამთავრებამდე, ნორმით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულების (განხორციელების) შემთხვევაში, გულისხმობს საიჯარო ქირის ყოველთვიურად გადახდას და არა მთელი დარჩენილი პერიოდის ქირის ზიანის სახით ერთდროულად დაკისრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეიჯარე შეძლებდა ერთდროულად მიეღო ქირა და იმავდროულად, იმავე ქონების ახალი მოიჯარისათვის გადაცემით კიდევ მიეღო სარგებელი, რასაც შედეგად უდავოა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოჰყვებოდა.
🌐 http://temida.mylaw.ge/fullcase/3375///--.pbn

26/05/2022
26/12/2020

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 25 დეკემბერი 2020წ.

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1276 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)

2020 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1276 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

№1276 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები ადგენდნენ ჩხრეკის ჩატარების მიზანსა და საფუძველს, ასევე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმებზე დაყრდნობით, შესაძლებელი იყო, ჩხრეკა ჩატარებულიყო მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ისე რომ დაცვის მხარეს და სასამართლოს არ ჰქონდა ამ ინფორმაციის პირველწყაროსთან გადამოწმების შესაძლებლობა. ამასთან მოსარჩელის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, არ მოითხოვებოდა არც სხვა დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელიც გაამყარებდა ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მოსარჩელის მტკიცებით, ამგვარი რეგულირება ქმნიდა პირადი ცხოვრების უფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვის რისკებს. გარდა ამისა, მოსარჩელის განმარტებით, საერთო სასამართლოები ჩხრეკის კანონიერების დასაბუთებისთვის ხშირად ეყრდნობოდნენ, მათ შორის, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთს, რაც ასევე ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ მისი პირადი ცხოვრების უფლებას.

მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა დანაშაულის თაობაზე მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენების განაჩენის საფუძვლად გამოყენებას და მიუთითებდა, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კონსტიტუციურ მოთხოვნას. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც უშვებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას მხოლოდ ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების და მისგან მომდინარე მტკიცებულებების - ამ ჩხრეკის თვითმხილველი პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების, ჩხრეკა/დაკავების ოქმების და ექსპერტიზის დასკვნის (სხვა სიყვებით, დასკვნა ამოღებული ნივთის სახეობასა და ოდენობაზე) საფუძველზე, მაშინ როდესაც ბრალდებული თავიდანვე აპელირებდა, რომ უკანონო ნივთი მას არ ეკუთვნოდა და ის მას პოლიციელებმა „ჩაუდეს“.

მოპასუხე მხარემ არ გაიზიარა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის ინფორმაცია არ არის საკმარისი ამა თუ იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის. მოპასუხემ აღნიშნა აღნიშნა, რომ ხსენებული ინფორმაციის მიღების შემდგომ, მისი სანდოობის შემოწმების მიზნით, ხდება დამატებითი ინფორმაციების მოძიება კონკრეტული გარემოებების შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ იქმნება ინფორმაციათა ერთობლიობა და შესაძლებელი ხდება ჩხრეკის ჩატარება.

მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობაზე სასამართლოს წვდომის დაშვებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ამგვარ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეფერხდებოდა საგამოძიებო ორგანოების საქმიანობა. ამასთან, მოპასუხის მითითებით, კანონით გათვალისწინებულ პირებს აქვთ დაშვება ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობაზე, რაც აზღვევს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან თვითნებობის რისკებს.

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ უკვე ჩატარებული ჩხრეკის ღონისძიების კანონიერების შემოწმებისას სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი არ არის ჩხრეკის შედეგი, მთავარია, მოსამართლეს შეექმნას შინაგანი რწმენა იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, დასაბუთებულ ვარაუდთან ერთად, არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობის წინაპირობები.

ამასთანავე, მოპასუხის პოზიციით, დანაშაულის თაობაზე მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენება არ წარმოადგენს მტკიცებულებას, იგი თავისი არსით არც პირდაპირი ჩვენებაა და არც ირიბი. შესაბამისად, ის საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის და მასთან დაკავშირებული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების გამამტყუნებელ განაჩენის გამოტანის საფუძვლად გამოყენებას, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სადავო ნორმითა და კანონმდებლობით გამორიცხულია არაუტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ოპერატიული წყაროს (კონფიდენტი/ინფორმანტი) და ანონიმური პირის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დანაშაულთან ბრძოლაში. საზოგადოების მიერ სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიწოდებული ინფორმაცია უზრუნველყოფს ისეთ დანაშაულთა სწრაფ გამოვლენას ან პრევენციას, რომელიც ამ ინფორმაციის მიწოდების გარეშე ვერ მოხდებოდა. ამდენად, სახელმწიფო უარს ვერ იტყვის ამ სუბიექტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებაზე. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ოპერატიული წყაროს განსაიდუმლოება, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო პროცესზე გადამოწმების მიზნით, ვერ ჩაითვლება საქმეში დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის ნაკლებად მზღუდავ საშუალებად. იმ შემთხვევაში, თუ წყაროს არ ექნებოდა კონფიდენციალურობის გარანტია, ის და სხვა პოტენციური პირები თავს შეიკავებდნენ სამართალდამცავ ორგანოებთან მომავალში თანამშრომლობისგან, რაც დააზარალებდა მნიშვნელოვან სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ჩვეულებრივი მოწმისგან განსხვავებით, ოპერატიული წყაროს და ანონიმური პირის შემთხვევაში არ ხდება/ვერ ხერხდება სასამართლოს მიერ ინფორმაციის პირველწყაროს სანდოობის გადამოწმება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ასეთი ინფორმაციის სათანადო გადამოწმების გარეშე ჩხრეკის საფუძვლად გამოყენების პირობებში, მაღალია ადამიანის პირადი სივრცისა და კომუნიკაციის უფლების არასაჭირო შეზღუდვის რისკი. ამდენად, იმისთვის რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს გაუჩნდეს მოლოდინი ჩხრეკის შედეგად მტკიცებულების მოპოვების შესახებ (რაც ჩხრეკის ჩატარების ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს), მნიშვნელოვანია მოხდეს ამ ინფორმაციის სათანადოდ გადამოწმება.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ჩხრეკის ჩატარების მიზნებისათვის ინფორმაციის სანდოობა, შეიძლება დადასტურდეს სხვადასხვა გარემოებებით. იმისათვის, რომ ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საფუძვლად დაედოს ადამიანის ჩხრეკას, თავად ინფორმაცია უნდა იყოს იმგვარი, რომ შეიძლებოდეს ამ ინფორმაციის სანდოობის გარკვეული ხარისხით გადამოწმება, რათა ობიექტური პირი/მოსამართლე დარწმუნდეს, რომ ინფორმაციის მიმწოდებელი საქმისთვის მნიშვნელოვან მონაცემებს ფლობს, შეუძლია კონკრეტულ ფაქტებზე მითითება, ანდა დანაშაულთან დაკავშირებული კონკრეტული მომავალი მოვლენის აღწერა ან თავად ინფორმაცია ხასიათდება გარკვეული დეტალიზებით. ინფორმაციიდან უნდა იკვეთებოდეს, რომ წყარო ნამდვილად უთითებს ისეთ დეტალებს, რომელიც ადვილად გამოცნობადი/აღქმადი არ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მესამე პირისთვის და მისი დაკვირვება გარკვეულწილ ძალისხმევას/გამოცდილებას უნდა უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, ინფორმაციის სანდოობა შეიძლება დადასტურდეს, აგრეთვე, პოლიციელის ჩვენებით, რომელიც გაფრთხილებულია ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ და რომელიც მიუთითებს, რომ წყარო გამოცდილი და სანდოა, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კი სანდოობის ხარისხით გამოირჩეოდა წარსულშიც. ცხადია, გამორიცხული არაა, რომ პოლიციელის მხრიდან საქმისადმი დაინტერესების გამო, მის მიერ მოხდეს ამ ინფორმაციის ფაბრიკაცია, თუმცა, როგორც აღინიშნა, ასეთ ფაქტს მოყვება შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს ამცირებს პოლიციელის მიერ განზრახ არასწორი და ცრუ ინფორმაციის მიწოდების რისკებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ინფორმაციის დადასტურების რაიმე წინასწარ განსაზღვრული ფორმულა ჯეროვნად ვერ მოემსახურება სახელწიფოს მიერ დანაშაულთან ბრძოლის მიზნებს და გადაწყვეტილებაში დასახელებული გარემოებები მხოლოდ ერთეულ შემთხვევებად ჩაითვლება იმ მრავალი ფაქტორიდან, რომელიც დაასაბუთებდა ოპერატიული ინფორმაციის სანდოობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონის სისტემური და გრამატიკული განმარტების საფუძველზე, გამორიცხული უნდა იყოს მხოლოდ ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩხრეკის ჩატარება, ვინაიდან დასაბუთებული ვარაუდი მოითხოვს მინიმუმ კიდევ ერთ ინფორმაციას ან ფაქტს იმისათვის, რომ უფლებამოსილ პირს ჰქონდეს შესაბამისი ხარისხის ეჭვის საფუძველი. ამგვარად, ჩხრეკის კანონიერად ჩატარება მხოლოდ ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გამორიცხული უნდა იყოს.

საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თუ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შესახებ პატაკის შემდგენი/მიმღები პირის გამოკითხვის ოქმი ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის მითითების გარეშე იმეორებს მხოლოდ პატაკში აღწერილ ინფორმაციას ანდა მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც ოპერატიულმა წყარომ მიაწოდა, იგი უტოლდება ერთ ინფორმაციას, რაც ცხადია ვერ შეფასდება ინფორმაციის ან ფაქტების ერთობლიობად. საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში, ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა ყოველთვის შეიქმნება, რადგან ყოველთვის იარსებებს პოლიციელი, რომელიც დაადასტურებს ოპერატიული წყაროდან ინფორმაციის გადმოცემის ფაქტს და გადმოცემს იმ ინფორმაციის შინაარს, რომელიც ოპერატიულმა წყარომ მიაწოდა. მიუხედავად ამისა, საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი ცხადი და რელევანტური პრაქტიკა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჩხრეკის საფუძველი გამხდარა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პირის პატაკი და ამ პირის გამოკითხვის ოქმი, რომელიც იმეორებს პატაკში არსებულ ან/და ოპერატიული წყაროს ინფორმაციას, ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის მითითების ანდა ინფორმაციის გადამოწმების გარეშე.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საერთო სასამართლოს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩხრეკის შედეგი საფუძვლად დადებია ჩხრეკის კანონიერების დასაბუთებას. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ჩხრეკის შედეგად მტკიცებულების მოპოვების ფაქტი არარელევანტური გარემოებაა, იმის გადამოწმებისას, თუ რამდენად სწორად აფასებდა სამართალდამცავი ჩხრეკის ჩატარებამდე დასაბუთებული ვარაუდის არსებობის ფაქტს. შესაბამისად, კონკრეტული ჩხრეკის ჩატარების საჭიროების/აუცილებლობის შეფასებაზე გავლენას არ ახდენს ამავე ჩხრეკის შედეგად სათანადო მტკიცებულების მოპოვების ფაქტი. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საერთო სასამართლოს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პოლიციელის ჩვენება, სადაც ეს უკანასკნელი სხვა რაიმე დამატებითი ინფორმაციის მითითების გარეშე, უბრალოდ გადმოცემდა ოპერატიული ინფორმაციის წყაროს მონათხრობს, გამოყენებული იყო გამამტყუნებელი განაჩენის ერთ-ერთ საფუძვლად. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შინაარსობრივად პოლიციელის ჩვენება, რომელიც ემყარება ოპერატიული ინფორმაციის მომწოდებელ წყაროს - კონფიდენტის/ინფორმანტის ინფორმაციას, ირიბი ჩვენების ერთგვარი ფორმაა, რომელიც თანაბარ რისკებს უქმნის პირისთვის არაუტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სახელმწიფო ვალდებულებას. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციელის ამგვარი ჩვენების გამამტყუნებელი განაჩენისთვის გამოყენება აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს დაცვის მხარეს. დაცვის მხარეს არ აქვს შესაძლებლობა უშუალოდ დაკითხოს ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირი, ეჭვქვეშ დააყენოს იმ პირის სანდოობა და დამაჯერებლობა, რომლის ჩვენებასაც სასამართლო ეყრდნობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას. დაცვის მხარისთვის ამგვარი შესაძლებლობის არქონა აშკარად ქმნის იმის საფრთხეს, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოხდეს არაუტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების საფუძველზე, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე შეაფასა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების და მისგან მომდინარე მტკიცებულებების გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად გამოყენების კონსტიტუციურობა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ საქმეში არსებული მასალებით ირკვეოდა, რომ საერთო სასამართლოს, მათ შორის, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების, პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მომხდარა მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობით, რომელიც შედგებოდა ოპერატიული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის (ნარკოტიკული საშუალების ან ცეცხლსასროლი იარაღის), ამ ჩხრეკის თანამონაწილე/დამსწრე პოლიციის თანამშრომელთა თანმიმდევრული ჩვენებების, ჩხრეკისა და დაკავების ოქმების და ქიმიური ექპერტიზის (რომელიც აღწერდა ამოღებული ნივთის სახეობას/რაობას და ოდენობას) საფუძველზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს, რიგ შემთხვევებში, შეიძლება ვერ პასუხობდეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ უტყუარობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს. სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ჩხრეკის შედეგად მტკიცებულების მოპოვების იმგვარი სისტემა, რომელიც, ერთი მხრივ, სამართალდამცავებს აღჭურავს ჩხრეკის სანდოობის უზრუნველყოფისათვის ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობით, მეორე მხრივ კი, შეამცირებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს. ზოგადად, განუზომლად დიდია პოლიციელის განხორციელებული ქმედებისადმი ნდობის არსებობის მნიშვნელობა მართლმსაჯულების ეფექტურად აღსრულებისათვის. ამავე დროს, ვერც ერთი სახელმწიფო ორგანო, სასამართლოც კი, ვერ მოახერხებს ნდობის მოპოვებას საქმიანობის სათანადოდ განხორციელების გარეშე. როდესაც ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის მტკიცებულებად გამოყენების საკითხი მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის ჩვენებებზეა დამოკიდებული, მათი სანდოობისათვის არსებითი იქნება ის, თუ რამ გამოიწვია ასეთი მოცემულობის შექმნა. პოლიციის კეთილსინდისიერი მოქმედების პრეზუმირება ბევრად უფრო მარტივია იმ შემთხვევაში, როდესაც დასტურდება რომ საქმეში არსებული ფაქტობრივ გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი (განუზომლად რთული) იყო ჩხრეკის სანდოობასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულების მოპოვება. თუმცა როდესაც აშკარაა, რომ პოლიციელს შეეძლო მოეპოვებინა ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და მან ეს არ გააკეთა, მისი ქმედებებისადმი ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველეყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება. ამის აშკარა მაგალითია, როდესაც საქმის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ პირის ან მისი მფლობელობის ჩხრეკის პროცესზე ნეიტრალური მოწმის დასწრების შესაძლებლობა ობიექტურად არსებობდა და პოლიციელებმა ეს არ უზრუნველყვეს. უფრო მეტიც, თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებაც განხორციელდეს იმისათვის, რომ გამყარდეს ბრალდების პოზიცია. მტკიცებულების სანდოობისადმი მნიშვნელოვან ეჭვს ასევე აჩენს გარემოება, როდესაც, პოლიციელთა უსაფრთხოების დაცვის პირობებში, არსებობდა ჩხრეკის ვიდეო გადაღების რეალური შესაძლებლობა და პოლიციელმა ის არ გამოიყენა. ოპერატიული ინფორმაციის მიღება ყოველთვის არ მოითხოვს გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებას და უფლებამოსილ პირს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული დრო და შესაძლებლობაც, რომ ჩხრეკამდე მოემზადოს, აღიჭურვოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და სადაც მოხერხდება, ჩხრეკის განხორციელება ვიდეოგადაღებით უზრუნველყოს. ამას გარდა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამოძიებისთვის რეალურად ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოუყენებლობა, რაც დაადასტურებდა/გაამყარებდა პირის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ქმნის შეცდომის, თვითნებობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვან რისკებს. აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს სამართალდამცავის ვალდებულებას, მოიპოვოს ჩხრეკის სანდოობის უზრუნველმყოფი ნეიტრალური მტკიცებულებები, მაშინაც კი, როდესაც ეს პოლიციელის უსაფრთხოების ან/და მტკიცებულების განადგურების/გადამალვის საფრთხის შექმნის გარეშე, გონივრულ ფარგლებში მოქმედების შედეგად შესაძლებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებლობითა და სადავო ნორმით ვერ ხერხდება არასანდო მტკიცებულების გამოყენებით პირის მსჯავრდების რისკების დაზღვევა. შესაბამისად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ უტყუარობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაავადა დასახელებული ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა 2021 წლის პირველ ივლისამდე იმისათვის, რომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს მიეცეთ გონივრული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად.

  [36] პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია ...
24/11/2020

[36] პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანას.
[39] მხარის მიერ წარმოდგენილი, მისივე კომპანიის მიერ შედგენილი, დოკუმენტების მტკიცებულებითი ძალა უთანაბრდება მხარის ახსნა-განმარტებას და ამდენად სათანადო, უტყუარ და შესაბამის მტკიცებულებად არ უნდა იქნეს მიჩნეული.
🌐 http://temida.mylaw.ge/fullcase/2472///--.pbn

23/11/2020

გილოცავთ გიორგობას. ❤

⚖„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე"▪„წინამდებარე კრებულში თავმოყრილია...
11/11/2020

⚖„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე"

▪„წინამდებარე კრებულში თავმოყრილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობის ფარგლებში მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტები, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომებსა და პრეცედენტულ სამართალს განსაზღვრულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
▪კრებული სამ ნაწილად იყოფა და ის აერთიანებს სამ საკითხს სამართლის თითოეულ სფეროსთან მიმართებით. კრებულში შესული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სისხლის სამართლის საქმის განხილვა გონივრულ ვადაში, სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების ფარგლები ეროვნული უშიშროების დაცვის მიზნით, საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში ჩარევა და მისი პროპორციულობა, გარდაცვლილი პირის ცილისწამება და სხვ.
▪ამდენად, ის საინტერესო იქნება როგორც სისხლის სამართლის, აგრეთვე ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მოსამართლეებისთვის, სასამართლო მოხელეებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის, ასევე ადამიანის უფლებების საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისთვის."
🌐http://library.court.ge/index.php?id=11018

  [82, 92-97] დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ...
04/09/2020

[82, 92-97] დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება აღმჭურველი უფლებაა და განსხვავებით მოთხოვნის უფლებისაგან, მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა. ხელშეკრულებიდან გასვლის დამფუძნებელი უფლება ხორციელდება ნამდვილი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით (შეტყობინებით). ეს უფლება შეიძლება ასევე განხორციელდეს სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა მეორადი მოთხოვნის უფლებაა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ხელშეკრულებიდან გასვლის მატერიალური ნაწილია სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ფორმალური - დამატებითი ვადის დაწესება და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა; ბ) ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა გონივრული ვადის მიცემა/გაფრთხილება. ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც იწვევს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ანულირებას, არ შეიძლება განხორციელდეს მოვალისათვის ვალდებულების შესასრულებლად ხელმეორე შესაძლებლობის მიცემის გარეშე. გაფრთხილება ერთგვარი შეხსენებაა ვადამოსული ვალდებულების შესასრულებლად. თუ ვალდებულებები ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან. თუმცა, სკ-ის 405-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს შეუძლია შესრულების ვადის დადგომამდე განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოშობს მონაწილეთა შორის ახალ ვალდებულებას: მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ.
🌐 http://temida.mylaw.ge/fullcase/2606///--.pbn

⚖️ სოკრატეს სასამართლო პროცესი📖იცოდით, თუ არა, რომ უდიდესი ბერძენი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე - სოკრატე (ჩვ. წ. აღ-მ...
31/05/2020

⚖️ სოკრატეს სასამართლო პროცესი

📖იცოდით, თუ არა, რომ უდიდესი ბერძენი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე - სოკრატე (ჩვ. წ. აღ-მდე 469 - 399) ათენელებმა გაასამართლეს და მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს? მათი ბრალდებების მიხედვით „სოკრატე ფეხქვეშ თელავდა კანონს, ვინაიდან რყვნიდა და აფუჭებდა ახალგაზრდობას და არ სცნობდა ათენელებისთვის სათაყვანებელ ღმერთებს".

📜რამდენადაც რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, იგი არისტოკრატიის ინტერესების გამტარებელი და დემოკრატიის წინააღმდეგი იყო. სწორედ ეს გახლდათ საფუძველი მის მიმართ გავრცელებული ანტიპატიისა. მისი ფილოსოფიის ამოსავალი თეზისი რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, იყო: „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი.“

⚠️თვლიდა, რომ მმართველი უნდა იყოს ის, ვისაც ეს შეუძლია და არა ის, ვისაც შემთხვევით აირჩევს ხალხის უმრავლესობა.

⏳მაშინდელი სასამართლო 9 საათის მანძილზე მიმდინარეობდა. ბრალმდებლებს წყლის საათით განსაზღვრული 3 საათი ჰქონდათ ბრალდების წარმოსადგენად, მომდევნო 3 საათი კი სოკრატეს ჰქონდა თავდასაცავად. მან ადვოკატის მომსახურებაზე უარი განაცხადა. ბრალმდებლებს ძალიან ეშინოდათ სოკრატეს მჭევრმეტყველების, ამიტომ წინასწარ გააფრთხილეს მსაჯულები, რომ არ მოხიბლულიყვნენ და არ დაეჯერებინათ მისი ბრძნული გამონათქვამებისთვის მხოლოდ.

👨🏻‍⚖️👩🏻‍⚖️წარმოდგენილი იყო 500 მსაჯული. სოკრატეს განაჩენი 280-მა მააჯულმა გამოუტანა, ხოლო 220-მა იგი უდანაშაულოდ ცნო. პლატონის აპოლოგიაში ვკითხულობთ: ,,რომ არა 30 ხმა, ვერდიქტი ვერ აღსრულდებოდა"!

🙅🏻‍♂️,,მე ორატორი ვარ, ოღონდ არა მათნაირი“ - ასე პასუხობს სოკრატე ბრალმდებლების მოწოდებას მსაჯულებისადმი, არ აჰყოლოდნენ მის მჭერმეტყველებას და ორატორულ ნიჭს, რომელსაც თავის გამართლების დროს გამოიჩენდა. ამას ბრალდებულმა საკმაოდ საზრიანი პასუხი გასცა, რომ ორატორად მხოლოდ ერთი რამ ხდიდა - სიმართლე.

🗣➢ თავდასაცავად წარმოთქმულ სიტყვაში ამბობს, რომ არ უშინდება სიკვდილს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: „არავინ იცის არც ის, რა არის სიკვდილი, არც ის, არის თუ არა იგი ადამიანისთვის უდიდესი სიკეთე და, ამის მიუხედავად, ყველას ეშინია მისი, თითქოს იცოდნენ, რა არის იგი სინამდვილეში. ჰგონიათ, რომ სიკვდილი უდიდესი ბოროტებაა. თუმცა ყველაზე სამარცხვინო უმეცრება ისაა, რომ ფიქრობდე, რომ იცი ის, რაც არ იცი“.

🔎საბრალდებო განაჩენის შემდეგ, სოკრატეს სიტყვები იყო ის, რომ არათუ ბრალდებას უარყოფდა, არამედ დამსახურებულ ჯილდოს მოითხოვდა და მის არსსაც განსაზღვრავს: მისი აზრით, ეს უნდა იყოს უფასო სადილი პრიტანიონში.

‼️სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ სოკრატემ ირონიულად აღნიშნა, რომ ცოტაც რომ მოეცადათ, ათენელებს, ოდნავ რომ დაკვირვებოდნენ მის ასაკს, ისედაც მოკვდებოდა და სახელის გატეხას გადარჩებოდნენ, ახლა კი არ ასცდებოდათ საშვილიშვილო ბრალდება, რომ სოკრატე - ცნობილი ბრძენი მოკლეს და ნამდვილად ასეა.

🏛აღსანიშნავია, რომ ციხეში ყოფნისას სოკრატეს გაქცევის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ვინაიდან მის თანამოაზრეებს მცველების მოქრთამვა შეეძლოთ. გაქცევისას სოკრატეს ადვილად შეეძლო სხვა ქალაქისთვის შეეფარებინა თავი. თუმცა, კრიტოსთან დიალოგში სოკრატე ხელმძღვანელობს რა კანონის უზენაესობის იდეით, ამბობს რომ მისი ციხიდან გაქცევის შემთხვევაში იგი შექმნის კანონის დარღვევის პრეცედენტს, რომლითაც შეეძლებათ ხელმძღვანელობა პოლისის სხვა მოქალაქეებს.
ციხიდან გაუქცევლობით სოკრატემ დაიცვა და თვალნათლივ აჩვენა ყველას კანონის უზენაესობის იდეა. (სოკრატე მიიჩნევდა, რომ ნამდვილ ფილოსოფოსს სიკვდილის არ უნდა შეშინებოდა და გაქცევა შესაძლოა აღქმულიყო სხვების მიერ, როგორც სიკვდილის შიში, რაც მის ფილოსოფიურ პოსტულატს ეწინააღმდეგებოდა). გარდა იმისა, რომ ის გაქცევით კანონს დაარღვევდა, თავის მეგობრებსაც კანონდარღვევის მონაწილედ გახდიდა.

Address

6 Rezo Chkheidze Street
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995577111537

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when DLB Georgia • დიელბი საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to DLB Georgia • დიელბი საქართველო:

Share

Category