ადვოკატი გიორგი მახარაძე/lawyer Giorgi Makharadze

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ადვოკატი გიორგი მახარაძე/lawyer Giorgi Makharadze

ადვოკატი გიორგი მახარაძე/lawyer Giorgi Makharadze იურიდიული მომსახურება

⚖️ გამარჯვება სასამართლოში: ადმინისტრაციული წარმოება სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო შეწყდა!ბათუმის საქალაქო ს...
12/08/2026

⚖️ გამარჯვება სასამართლოში: ადმინისტრაციული წარმოება სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო შეწყდა!

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია, გამოიყენა მტკიცების მაღალი სტანდარტი და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა.

📌 საქმის გარემოებები:
*პოლიციის ვერსია:სამართალდამცველთა განმარტებით, მოქალაქეები ადგილზე იდენტიფიცირების შეუძლებლობის გამო, ნებაყოფლობით გადაიყვანეს განყოფილებაში. პოლიციის ეზოში მათ უარი განაცხადეს შენობაში შესვლაზე, გახდნენ აგრესიულები, განახორციელეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ დაემორჩილნენ პოლიციას.

ოქმი და დაკავება:პოლიციელებმა შეადგინეს ოქმი ასკ-ის 173-ე მუხლით (დაუმორჩილებლობა/შეურაცხყოფა), პირები 48 საათით დააკავეს, ხოლო დაკავების ვადის გაგრძელება მოხდა სრულიად უსაფუძვლოდ — იმ „მტკიცებულების“ მოპოვების საბაბით, რაც ისედაც მოპოვებული ჰქონდათ.

📌 რა დადგინდა სასამართლო პროცესზე?
1. იდენტიფიცირების შესაძლებლობა ადგილზე:დროებითი მოთავსების იზოლატორის ჩანაწერებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთ პირს თან ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მისი განყოფილებაში გადაყვანის საჭიროება ადგილზევე გამოირიცხა.
2. შსს-ს წინააღმდეგობრივი პოზიცია: მტკიცებულებების ნაწილში შსს-მ თავდაპირველად სასამართლში განაცხადა, რომ განყოფილებას კამერები არ ჰქონდა. ჩვენ მიერ კამერების არსებობის მტკიცებულების წარდგენის შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ კამერები არ ფუნქციონირებდა. საბოლოოდ, ოფიციალური პასუხით დადასტურდა, რომ ვიდეოთვალთვალი მუშაობდა, თუმცა ჩანაწერი შენახული არ იყო.
3. ობიექტური მტკიცებულების არარსებობა:ადგილზე (პოლიციის განყოფილებასთან) მყოფი მინიმუმ 6-ზე მეტი პოლიციელიდან არცერთს არ უზრუნვია ვიდეო/აუდიო ჩაწერაზე. საქმეში პოლიციელთა ჩვენების გარდა არ არსებობდა არცერთი დამოუკიდებელი და ობიექტური მტკიცებულება.

💡 სასამართლოს შეფასება:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში მტკიცების ტვირთი აკისრია ორგანოს (შსს-ს) პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ დაეფუძნება მხოლოდ სამართალდამცველთა უაპელაციო ჩვენებებს, როცა სახელმწიფომ არ იზრუნა ობიექტური მტკიცებულებების მოპოვებასა და შენახვაზე.
მისასალმებელია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების სიღრმისეული შეფასება და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სტანდარტის გამოყენება!
#სამართალი #ადვოკატი #ბათუმისსაქალაქოსასამართლო

დღევანდელმა სასამართლო პროცესმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რამდენად ადვილია ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა უკანონოდ როცა ძ...
03/08/2026

დღევანდელმა სასამართლო პროცესმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რამდენად ადვილია ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა უკანონოდ როცა ძალაუფლება გაქვს.

დღეს კოლეგებთან ერთად ვიცავდი უცხოელ სტუდენტს ადმინისტრაციულ საქმეზე. მიგრაციის დეპარტამენტი მის გაძევებას ითხოვდა სამართალდარღვევის საფუძვლით, რომელიც ამ ეტაპზე სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის.

მოცემულ საქმეზე ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქმის განხილვა გადადო. შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

თუმცა, აქ იწყება გაუგონარი ამბავი, რამდენიმე წამში იგი მიგრაციის თანამშრომლებმა კვლავ დააკავეს, ხელბორკილები დაადეს და სამსახურის ავტომობილში გადაიყვანეს.

დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, როდესაც ჩვენივე მონაწილეობით სხვა სასამართლო პროცესი დასრულდა, მისი მეგობარი ატირებული დაგვხვდა სასამართლოსთან და გვითხრა, რომ სტუდენტი ისევ დააკავეს.
გაურკვევლობაში აღმოვჩნდით, არ გვეჯერა, რა საფუძვლით უნდა დაეკავებინათ გათავისუფლებული ადამიანი?!

როდესაც მივედით მიგრაციის ავტომობილთან და ვიკითხეთ, რა სამართლებრივი საფუძვლით ჰქონდა კვლავ შეზღუდული სტუდენტს გადაადგილება, თავდაპირველად მივიღეთ პასუხი, რომ ეგონათ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასრულებდნენ.

ცოტა ხანში, როცა გაიგეს, რომ სასამართლომ სტუდენტი გაათავისუფლა, ეს განმარტება შეიცვალა. უკვე მოიმიზეზეს, რომ თურმე სტუდენტს წყალი უნდოდა და ამიტომ გადაიყვანეს ავტომობილში… ( არ დაგავიწყდეთ, ხელბორკილებით.)

ვფიქრობ, ეს ფაქტი კომენტარს აღარ საჭიროებს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი და სამწუხარო იყო ისიც, რომ როდესაც ამ აშკარა წინააღმდეგობასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე გავამახვილეთ ყურადღება, ერთ-ერთმა მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელმა ალბათ მათივე უკანობობის გამართლების მიზნით, მითხრა: „იმას რატომ არ ეკითხები, (დასაცავ პირს) როგორ ვექცევით?“

პასუხი მარტივია! იმიტომ, რომ ადამიანის ღირსების პატივისცემა და კანონიერი მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან სიკეთე ან განსაკუთრებული მომსახურება კი არა, კონსტიტუციური და სამართლებრივი ვალდებულებაა.

კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო მეორე წარმომადგენლის რეაქცია, რომელმაც მითხრა რომელიც პროცესზე წარმოადგენდა სამსახურს: „ინტრიგნობა ნუ დაიწყე, თორემ მეც დავიწყებ.“

როდესაც ასეთ სიტყვებს ადვოკატის მისამართით ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ამბობს სასამართლოს შენობის წინ, ეს არ არის მხოლოდ ემოციური ფრაზა, ეს არის დამოკიდებულება, რომელიც სერიოზულ კითხვებს აჩენს სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობასთან დაკავშირებით.

ადვოკატის მოვალეობაა დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის მაშინაც, როდესაც ეს სახელმწიფო ორგანოსთვის არასასიამოვნოა. ისე მაინც მაინტერესებს, როგორ შეიძკება იინტრიგნოს ადმინისტრაციულმა ორგანომ?

ამ ყველაფერს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას აუცილებლად მიეცემა! კანონის უზენაესობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ის თანაბრად ვრცელდება ყველასზე , მათ შორის იმათზეც, ვისაც კანონის აღსრულება ევალება!

სამწუხაროა რომ ადმინისტრაციულ ორგანოზე ამის დაწერა მიწევს, თუმცა წინამდებარე სამსახური უკონტროლოდ და თავისი წარმოდგენით შეუზღუდავი ძალაუფლებებით ოპერირებს.

24/07/2026

⚖️ გაფრთხილება❗️❗️❗️

არასრულწლოვანზე შეხების გამო, რაც არ უნდა უწყინრად მიგაჩნდეთ, შეიძლება მინიმუმ 8 წელი მოგისაჯონ!

ერთ-ერთმა მოსამართლემ 70 წლის მოხუცს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუჩაში, ორ უცხო ქვეყნის მოქალაქე არასრულწლოვანთან პირის ფიზიკური კონტაქტი - მხარზე შეხება, მათ შორის ერთ-ერთის დაზიანებული (თაბაშირში ჩასმული) ხელის თანაგრძნობის მიზნით დამასაჟება და ლოყაზე კოცნა, წარმოადგენდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ “გარყვნილ” ქმედებას.

საქმეში თავად არასრულწლოვნებიც უარყოფდნენ ყოველგვარ სექსუალურ კონოტაციას. მათი ჩვენებებით, ადგილი არ ჰქონია ეროგენულ ზონებზე შეხებას, ინტიმურ ქმედებებს, სექსუალური შინაარსის საუბარს, შეთავაზებას ან სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც სექსუალური ხასიათის ქცევაზე მიუთითებდა. პირიქით არასრულწლოვნები მიუთითებდნენ, რომ შეხებებისას მამაკაცმა ნებართვა ითხოვა და ხელიც ნებაყოფლობით გაუწოდეს. ხოლო არასრულოვნის მშობელმა მოხუცის ეს ქმედება თანაგრძნობად შეაფასა ხელის დაზიანების გამო.

ამასთან, საუბარია 70 წლის ადამიანზე, რომელსაც მრავალი ათეული წელია ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ასეულობით ადამიანთან. ის ეხმარებოდა ქუჩაში მოხუცებს, მძღოლებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბავშვები გადაჰყავდა დატვირთულ გზაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში მის მიმართ არასოდეს ყოფილა პრეტენზია ან ინფორმაცია სექსუალური ხასიათის ქცევის ან დანაშაულის შესახებ. პირიქით, მას ახასიათებდნენ როგორც კეთილ, თავაზიან, თბილ და ადამიანების დახმარებაზე ორიენტირებულ, ბავშვების მოყვარულ პიროვნებას.

სისხლის სამართალი არ უნდა ემყარებოდეს ვარაუდებს. იგი უნდა ემყარებოდეს მკაფიო, ობიექტურ და სამართლებრივად განჭვრეტად კრიტერიუმებს.

თუ ბავშვისთვის თავზე ხელის გადასმა, მხარზე/ზურგზე შეხება, დაზიანებული ხელის თანაგრძნობით დამასაჟება ან ლოყაზე კოცნა, ყოველგვარი სექსუალური კონტექსტისა და სექსუალური მიზნის დადასტურების გარეშე, საკმარისი აღმოჩნდება “გარყვნილ ქმედებად” შეფასებისთვის, მაშინ ეს ინტერპრეტაცია სახიფათოდ აფართოებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებს. ერთმანეთისგან ვეღარ გაიმიჯნება სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება და ისეთი ფიზიკური კონტაქტი, რომელსაც შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს სექსუალური მოტივი. მაგალითად, ქუჩაში ბავშვის დახმარება, წაქცეულის წამოყენება, დაზიანებულ ხელზე შეხება ან სხვა თანაგრძნობით ნაკარნახევი მოქმედება.

ბავშვთა დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა და ნებისმიერი რეალური სექსუალური ძალადობა უმკაცრეს რეაგირებას იმსახურებს. მაგრამ ამავე დროს, უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდებაც უმძიმესი პრობლემაა. მართლმსაჯულების მიზანი მხოლოდ დასჯა კი არა, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაა, რაც სამწუხაროდ არ ხდება. მართლმსაჯულება არ უნდა ჰგავდეს ლატარიას ან ბედის ბორბალს, სადაც საქმის შედეგზე გავლენას ისიც ქმნის, თუ ვის შეხვდება საქმის განხილვა.

ჩემი ღრმა რწმენით, ამ საქმეზე სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სისხლის სამართლის ნორმა და მიღებული განაჩენი ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ სტანდარტებს არ შეესაბამება. ეს შეცდომა ზემდგომმა სასამართლომ კვალიფიციურად უნდა გამოასწოროს. ხოლო “ გარყვნილი ქმედების” განჭვრეტადობაზე აუცილებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს.

“სჯობს ათი დამნაშავე დარჩეს გარეთ ვიდრე ერთი უდანაშაულო დაისაჯოს!”

 #ადვოკატი  #ადვოკატისაქართველოში  #ადვოკატისმომსახურება  #ადვოკატისრჩევა  #ადვოკატისკონსულტაცია  #ადვოკატიმჭირდებასაქარ...
04/07/2026

#ადვოკატი #ადვოკატისაქართველოში #ადვოკატისმომსახურება #ადვოკატისრჩევა #ადვოკატისკონსულტაცია #ადვოკატიმჭირდებასაქართველოში

 #ადვოკატი  #ადვოკატისრჩევა
01/07/2026

#ადვოკატი #ადვოკატისრჩევა

💼✅
27/06/2026

💼✅

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები, სადაც პოლიციელები მოქალაქეზე ფიზიკურად ძალადობენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძალ...
27/05/2026

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები, სადაც პოლიციელები მოქალაქეზე ფიზიკურად ძალადობენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძალადობას, იძულებას, მუქარასა და ზემოქმედებას აქვს სისტემური ხასიათი.

ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში ჩნდება ობიექტური კითხვები: ბოლოს და ბოლოს ვინ უნდა მოახდინოს მათზე საფუძვლიანი რეაგირება? როდის უნდა დასრულდეს "თავზე ხელის გადასმის" და ჩაფარცხვის პრაქტიკა? როდის უნდა დაიჯეროს ზოგიერთმა მოსამართლემ რომ ასეთი უმსგავსობები ხდება?

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ადამიანი საუბრობს „ჩადებების“, ძალის გადამეტების, უკანონო დაკავებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზე. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც სამართალდამცავი, რომელსაც კანონის დაცვა ევალება, თავად იქცევა კანონის დამრღვევად.

პოლიციის ეთიკის კოდექსი მბობს: "პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად უნდა ემორჩილებოდეს და პატივს სცემდეს მას.“ „პოლიციელი საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში.“„პოლიციელი უნდა იყოს ყურადღებიანი, თავდაჭერილი და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ზნეობრივი ნორმებით.“ „პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.“

სამწუხაროდ, პრაქტიკაში ხშირად სრულიად საპირისპიროს ვხედავთ, გავრცელებულ კადრებში ასახულ და სხვა ამგვარ ქმედებებს უნდა მიეცეს უმკაცრესი სამართლებრივი შეფასება. დაუსჯელობის სინდრომი დამღუპველია სახელმწიფოსთვის!

კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს ! მათ შორის მათთვისაც, ვისაც მისი აღსრულება ევალება !

პოლიციელის მიერ ძალადობას არ შეიძლება ამართლებდეს მიზეზი!

c.

 #მოსამართლეებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! #ვუსურვებ წარმატებებს, მაღალი პროფესიული სტატუსის ღირსეულად, მიუკერძოებლად, კეთი...
15/05/2026

#მოსამართლეებს ვულოცავ პროფესიულ დღეს!
#ვუსურვებ წარმატებებს, მაღალი პროფესიული სტატუსის ღირსეულად, მიუკერძოებლად, კეთილსინდისიერად და სამართლიანად ტარებას!
#გვახარებსთქვენისამართლიანიგადაწყვეტილებები!

📣 ჩემს ერთ-ერთ საქმეზე, დაცვის მხარის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა არასრულწლოვანი და შშ...
13/05/2026

📣 ჩემს ერთ-ერთ საქმეზე, დაცვის მხარის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა არასრულწლოვანი და შშმ ბავშვის უფლებების შესაძლო დარღვევის საკითხი, რომელიც საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდებოდა.

საქმე ეხებოდა ვითარებას, როდესაც ბრალდებულის დაკავებისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს სახლში, ოთახებში გამოკეტილი იმყოფებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილი და სტუმრად მყოფი შშმ ბავშვი ასევე მეუღლე. მოწმეების განმარტებით, ბრალდებულის შვილი განუწყვეტლივ ტიროდა, ხმაური, დაძაბულობა და ოჯახის წევრების იზოლაცია მასზე ფსიქოლოგიურად მძიმედ მოქმედებდა. ასევე, ოჯახის წევრებს არ მიეცათ საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

საქმის შესწავლის შემდეგ მასალები გადაიგზავნა შსს გენერალურ ინსპექციაში, თუმცა პოლიციელებმა განმარტეს, თითქოს სახლში არასრულწლოვნები საერთოდ არ იმყოფებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს არაერთი მოწმის ჩვენება ადასტურებდა.

სახალხო დამცველმა ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნა, რომ: „გამოწვევად რჩება საპოლიციო, სამართალდარღვევაზე რეაგირებისა და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებისას სრულწლოვანი პირების თანმხლები, საცხოვრებელ ადგილას მყოფი არასრულწლოვნების დროული განრიდება, მათი საუკეთესო ინტერესების დაცვა და ემოციური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული პრევენციული ღონისძიებების გატარება.“

⚖️ მსგავსი საკითხების დაყენება და სისტემური პრობლემების გამოკვეთა მნიშვნელოვანია, რათა ბავშვთა და შშმ პირთა უფლებების დაცვის სტანდარტები პრაქტიკაში რეალურად გაძლიერდეს.
https://www.ombudsman.ge/res/docs/2026040108450417707.pdf

📌 კიდევ ერთი ჩვენს წარმოებაში არსებული საქმე მოხვდა ✅ 2026 წლის 31 მარტის საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარ...
03/05/2026

📌 კიდევ ერთი ჩვენს წარმოებაში არსებული საქმე მოხვდა ✅ 2026 წლის 31 მარტის საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში.

⚠️სისხლის სამართლის საქმეში 🎥 ვიდეოჩანაწერი ხშირად გადამწყვეტი მტკიცებულებაა. ერთ-ერთ საქმეზე დაცვის უფლების განდორციელების მიზნით ვითხოვდი არა ჩანაწერის გადმოცემას, არამედ მის შენახვას, რათა სასამართლოს განჩინებამდე არ წაშლილიყო, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებდა მის დაარქივებაზე.

⚖️ ✅სახალხო დამცველმა ეს შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის უგულვებელყოფად შეაფასა ❗️ და სწორად აღნიშნა, რომ ეს არის საკანონმდებლო პრობლემა და უნდა განისაზღვროს დაცვის მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ვიდეოჩანაწერის დაარქივებისა და შენახვის ვალდებულება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის!

❗️მტკიცებულების დაუბეკოლებლად მოპოვების რეალური შესაძლებლობა მხოლოდ ბრალდების მხარეს არ უნდა ჰქონდეს.

Address

Batumi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი გიორგი მახარაძე/lawyer Giorgi Makharadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ადვოკატი გიორგი მახარაძე/lawyer Giorgi Makharadze:

Shortcuts

Share